ნინოწმინდა
გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი – ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ოთულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილი
ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის შესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს
ბოდბე
ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ.სიღნაღიდან 2 კმ-ზე.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე .ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.
ხორნაბუჯი
მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს ამ ადგილას დასახლების არსებობას, ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, IV-III სს-ში ძვ.წ. ქალაქ ხორნაბუჯის განვითარება V ს-დან იწყება და ვახტანგ გორგასალის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც აქ საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა, ხოლო თვით ქალაქი თავის ვაჟს, დაჩი უჯარმელს უბოძა. ციხე-ქალაქი სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. VI ს-დან იგი ქართლის ერისთავებს ეკუთვნოდა, ხოლო VIII ს-დან – ჰერეთის სამთავროს. XI ს-დან ფეოდალთა გვარის მახატლისძეთა რეზიდენციას და გაერთიანებული საქართველოს განაპირა საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა.
უჯარმა
უჯარმა – სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარე კახეთში. მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე,ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კილომეტრი. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე იორს. სოფელი უჯარმა წარმოადგენს ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 457 კაცი.
სიღნაღი
სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორ]ემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.
სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.
გურჯაანის ყველაწმინდა
გურჯაანის ყველაწმინდა, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. „ყველაწმინდა“. ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე.
გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები — შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.
ალავერდი
ალავერდი – საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა.
იყალთო
იყალთო – სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.
გრემი
გრემი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.
ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:
1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.
2. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.
3. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).
2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ნეკრესი
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდისამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი – გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.
დავითგარეჯის მონასტერი
დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დაცული ტერიტორიები
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს: ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: ,,არწივის ხეობას”, ,,ტახტითეფას ტალახის ვულკანებს”, ,,ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“. დაცული ტერიტორია კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორისაა მოქცეული. ხეობა წარმოადგენს კირქვული წარმოშობის კლდეებში პატარა ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 24 924 ჰა-ია. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები 2003 წელს გაიხსნა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.
ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლებიც ტყის ქვედა სარტყელში შედარებით მდორედ მოედინება.
ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს
კაია
ReplyDelete